ჩავირიცხე !

დიახ მე ეს შევძელი !5092a51b45fa
გავხდი თსუს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი .
ამის მოლოდინში იმდენი დრო გავიდა , რომ როდესაც ტელეფონით შემატყობინეს ჩემს ქცევაზე არც სიხარული ასახულა , არც მწუხარება .
რეგისტრაციაც გავიარე და პირველ გაცნობით გასაუბრებასაც დავესწარი . ბავშვები ცივები და უკარებები ჩანან . იმედია საბოლოოდ მართლაც ასეთები არ აღმოჩნდებიან. პირველივე შეხვედრიდან გამართლდა ჩემი მოლოდინი , რომ სწავლა ამ სპეციალობაზე ძალიან რთული , მაგრამ საინტერესო იქნება .
თექვსმეტი სექტემბრიდან ახალი ცხოვრება დაიწყება,ახალი გამოწვევებით . იმედია იმაზე უკეთესი ვიდრე ოდესმე მქონია :))
თბილისო დამელოდე ….

ლოდინის გულისგამაწყალებელი ხანა

როგორც იქნა დასრულდა დიდი გამოცდები. გულისფანცქალით შევედი და გამოვედი ხუთივე მათგანიდან . განსაკუთრებით პირველ გამოცდაზე ვინერვიულე (მაინც პირველი იყო ) მაგრამ არც მათემატიკაზე ჩამოვრჩი. ასე თუ ისე გადავგორე ეს ურთულესი ეტაპი ცხოვრებისა. თუმცა დაიწყო ახალი – ლოდინის გულისგამაწყალებელი ხანა 

მოკლედ ახლა ზაფხულია 24 ივლისი მე კი ზუგდიდიდან ფეხიც კი არ მომიცვლია (არათუ ზუგდიდიდან , სახლიდანაც კი). ყველაზე საშინელი და აუტანელია ეს ლოდინი . გონებას სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია, თავში სულ ერთი რამ მიტრიალებს – ნეტა რა ქულა მექნება სხვა საგნებში. 

ერთი საგნის, კერძოდ ზოგადი უნარების შედეგი უკვე ცნობილია , რომელშიც არც თუ ისე ცუდი  – 66 ქულა მაქვს. რა თქმა უნდა , უკეთაც შემეძლო , მაგრამ დრო არ მეყო თან ვნერვიულობდი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ქართულის 1-2  ვარიანტის შედეგი უკვე დადეს , რითაც 3-4 ვარიანტელებს თავზე ლაფი დაგვასხეს და ისედაც დაწეწილი ნერვები კიდევ უფრო დაგვიწეწეს.

მართალია, უახლოეს მომავალში 10 აგვისტომდე ყველა საგნის ნედლი ქულა იქნება ცნობილი , მაგრამ მე ყველაზე მოუთმენელ ადამიანს აღარ შემიძლია  მეტის ატანა.

პ.ს  მაპატიეთ რომ ჩემი გასაჭირი თავს მოგახვიეთ , მაგრამ ბლოგზე წერამ განსაცდელი ცოტათი შემიმსუბუქა 🙂

ლექსი მეწყერი – ტიციან ტაბიძე

მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,

ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,

მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში

მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,

ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,

ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება

და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,

ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.

ლექსები იყო მისი საგზალი,

არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე

ქართული მზე და ქართული მიწა,

ბედნიერებას მას უმალავდენ,

ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

აპრილი,

1927 წ..

გაურკვევლობის ბურუსით მოცული ჩამონათვალი :)

Image

როგორც იქნა დაიდო აბიტურიენტების ცნობარი. იმდენ ხანს ველოდეთ , რომ ბოლოს მისი დადებით გამოწვეულმა სიხარულმა  ბევრ  სხვა სიამოვნებას გადააჭარბა. მე , როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა მოუთმენელმა და ნერვებდაწყვრტილმა ადამიანმა ძლივს ამოვისუნთქე შვებით , რომ ახალი საზრუნავი თუ პრობლება გამომიჩნდა. კერძოდ- რა ჯანდაბა ფაკულტეტზე  ვისწავლო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ღრმა ფიქრსა და აწონდაწონვას საჭიროებს.

ბავშვობაში ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე. მინდოდა ,რომ ცნობილი და წარმატებული ვყოფილიყავი, საინტერესო გადაცემები წამეყვანა და მოკლედ მომწონდა ეს პროფესია.მაგრამ ახლა საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ასე მგონია ,რომ ჟურნალისტობა რთული პროფესიაა და განსაკუთრებულ უნარსა და ძალისხმევას საჭიროებს.სამწუხაროდ ,მე ენერგიის ნაკლებობას განვიცდი, ასე რომ , არ გამოვდგები საამისოდ.

მერე ექიმობაზე მქონდა პრეტენზია. ერთი პერიოდი სულ იმაზე ვფიქრობდი რა იქნებოდა , როცა ამ პროფესიისა გავხდებოდი. წარმოვიდგინე , რომ მორგში დავყავდით მკვდარი ადამიანების გასაჭრელად , რის შემდეგაც კატეგორიული უარი გამოვაცხადე მასზე. თუმცა ვფიქრობ , რომ ექიმობა ძალიან საინტერესო პროფესიაა და ცოტათი ვნანობ კიდეც ,რომ ვვუარყავი.

ერთადერთი პროფესია , რომელზეც სერიოზულად არასდროს მიფიქრია არის იურისტობა. რატომღაც ვგრძნობ ,რომ მე და ის ძალიან არშევეფერებით ერთმანეთს.თუმცა , თქვენ წარმოიდგინეთ, მე მას მაინც მოვიხსენიებ ჩემს ბურუსით  მოცულ ჩამონათვალში.

გამოცდების ეროვნული ცენტრი არ გვზღუდავს ჩამონათვალის რაოდენობაში , ხოლო , ვინაიდან და რადგანაც , მე აზრზე არ ვარ რა სახით ვემსახურო სამშობლოს გადავწყვიტე 22 ფაკულტეტი შერეული სახით ჩამომეწერა ,სადაც ისეთივე განსხვავებულსა და მრავალფერ პროფესიებს შეხვდებით როგორიც მე ვარ . მაგალითად იხილავთ სამართალსა და ბიზნესის ადმინისტრირებას, ხელოვნებათმცოდნეობასა და ინგლისურ ფილოლოგიას, ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიას. მოკლედ, ღმერთმა უწყის სად ჩავირიცხები . ჩემი ოჯახის წევრები არასერიოზულად მიყურებენ ,რადგან კონკრეტული არჩევანი ვერ გამიკეთებია, სინამდვილეში მე ვიცი რა მინდა, თუმცა მეშინია , რომ იქ ვერ მოვხვდები. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა,სამწუხაროდ, იმ  უნივერსიტეტში , სადაც მე მსურს მხოლოდ 20 ადგილზე შემიძლია ვიბრძოლო, ამოტომაც ვეჭვობ მოვახერხო იქ ჩარიცხვა.

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო  რომ კარგად დავფიქრდეთ . შეიძლება მეც შევცვალო ჩამონათვალი . წელს კი პირველად მოგვეცემა შესაძლებლობა , რომ ქულის გაგების შემდგომაც შევცვალოთ რიგითობა , რომელზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

p.s იქნებ მირჩიოთ რამე , ან მითხრათ  რაიმე საინტერესო თქვენი პროფესიების შესახებ. 🙂

…… ჰუი ჩვენ !

Image

ამ სურათზე გამოსახული ადამიანების რაღაცნაირად მშურს. თქვენ ალბათ იფიქრებთ “ რა თქმა უნდა, გშურს ეს ხომ ლეგენდარული ბითლზია„ მაგრამ ნურას უკაცრავად , მთელი ჩემი  გულისყური არა მათი პოპულარობისკენ , არამედ იმისკენაა მიმართული , რომ მათ შეეძლოთ  ეგრეთწოდებულ ზებრაზე მშვიდი სახით, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე გადაეკვეთათ ქუჩა და არანაირი შიში არ ჰქონოდათ იმისა , რომ ვინმე ლოთი გოგია გაიტანდათ.

მოკლედ ჩემს პატარა ქალაქში მძღოლები ისე დაქრიან თავი  სულ ცოტა შუმახერი თუ არა    ფილმ „ტაქსის“ გმირი ჰგონიათ.  რა ზებრა, რის ზებრა  უნდა მოახერხო და დიდი მოწიწებით გადაირბინო  , თან თუ  ნელა მოძრაობ თვალების ბრიალსაც არ დაიშურებენ.

მე არ ვიცი როდის შეიგნებს ქართველი  მოსახლეობა იმას, რომ ქვეითად მოსიარულეს სულ ცოტა იმ ადგილას მაინც დაუთმოს გზა , სადაც მართლა ეკუთვნის. მე ძირითადად ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს მივეკუთვნები და უკვე მართლა ყელში ამომივიდა მათი უგულისყურობა . 😦

უკვე ასე მგონია , რომ ვიღაც შერეკილი გამიტანს. იმედია წინათგრძნობა არ ამისრულდება  : )

რა ყოფილა აბიტურიენტობა?!

 ჩემს ქვეცნობიერში უკვე ღრმად ჩაიბეჭდა შიში რომელიც ყველა მოქმედებას მოსდევს სიტყვებით„ვაიმე 4 თვეც და გამოცდებია“. სკოლა, მეცადინეობები , გადარბენები და დროის უქონლობა . მოკლედ მალე მართლა გავგიჟდები. წინ ხუთი გამოცდა მელოდება -ხახადაფჩენილი , ალბათ გემრიელი ლუკმა ვგონივარ. Image

ვიცი , რომ არ ჩავიჭრები , მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. ჰაჰ, წარმოგიდგენიათ ?ისიც კი არ ვიცი რა პროფესიას ვირჩევ . ან საერთოდ რა მინდა , რას ვწვალობ? 

უკვე თითქმის მთლიანად გამოვეთიშე ინტერნეტს. შეიძლება ეს ძალიან კარგიც იყოს.ცუდი ისაა , რომ წიგნების კითხვას დროებით შევეშვი. არადა რომ იცოდეთ როგორ მინდა რამე საინტერესო ნაწარმოები წავიკითხო.ბლოგისთვისაც ვერ ვიცლი. 

მოკლედ, წინ ძალიან დატვირთული და არასასიამოვნო ოთხი თვე მელოდება.

p.s ნეტა ხვალ იყოს ეს ოხერი გამოცდები . ერთხელ და სამუდამოდ ხომ მორჩებოდა არა?

ხელოვნურად შექმნილი ,,თავგადასავალი“

cbc8c47701dd8dc06dd26f3da25b9c54
ოხ ეს ბავშვობა, მართლაც რა საყვარელი პერიოდია. დაულეველი ენერგიისა და ზღვარსგადასული ფანტაზიის ხანა. მოკლედ , რას არ მოიფიქრებ , როცა ბავშვი ხარ და თან თავში გიქრის.

თუმცა , მე არსდროს ვყოფილვარ ზედმეტად ცელქი ,მაგრამ, ერთხელ მაინც წამომიფრინდა ერთი ძალიან „ცუდი“ ბავშვისთვის დამახასიათებელი იდეა. რატომღაც მომინდა კლასელების გაშაყირება და ირონიის სახით მათი ნაკლოვანებების წარმოჩენა.გადავწყვიტე დამემზადებინა რამოდენიმეფურცლიანი გაზეთი , სადაც დავწერდი ჩემს მოსაზრებებს. ხიბლი ბავშვების რეაქციაზე დაკვირვება იქნებოდა.

მაშინ დაახლოებით 11-12 წლის ვიქნებოდი. მე როგორც თავგადასავლების მოყვარულმა გოგომ ვერ ავიტანე ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება და აჰა…. ხელოვნურად შევქმენი თავგადასავალი.

მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო დაქალი სოფო ავიყოლიე და ჩემთან სახლში შევუდექით გაზეთის დამზადებას. ამოვჭერით სხვადასხვა ჟურნალებიდან და ვინც ჩვენს კლასელს მივამსგავსეთ ის დავაკარით. შემდეგ სასაცილო შესაბამისობები დავწერეთ . რაც მთავარია საკუთარი თავიც არ დაგვავიწყდა (ეჭვი რომ არ აეღოთ).მეორე დღეს დილაადრიან შევიპარეთ კლასში და ერთ-ერთ მერხზე დავტოვეთ ჩვენი „ნამოღვაწარი“.შემდეგ სკოლიდან გამოვედით და 15 წუთის შემდეგ ისევ მივბრუნდით. როცა კლასში შევედით ყველანი გაზეთს უკირკიტებდნენ.

ატყდა ერთი სიცილი და კვლევა-ძიება. კლასელები ცდილობდნენ გაზეთის დამწერები გამოეაშკარავებინათ . თუმცა ჩვენზე ეჭვიც არ აუღიათ.:) ან რას წარმოიდგენდნენ, რომ კლასის ფრიადოსანმა ასეთი ცუდი ოინი მოაწყო.

გაზეთს ეწერა “ფასი 20 თეთრი„ , ერთმა ბავშვმა კი 50 თეთრად შეიძინა დიდი ამბით.მერე გაფხორილი დაიარებოდა კლასში , აქაოდა მე ვარ რაც ვარო 🙂

მე და სოფოს საიდუმლო არ გაგვიმხელია, ასე რომ ჩემი კლასელებისთვის ჯერაც უცნობია ვინ იყო ის , ვინც ასე „იხუმრა“

ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელი თავგადასავალი , მერე რა რომ ხელოვნურია? მთავარია ეს მართლაც გადამხდა და მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ მქონია სურვილი სხვა თავგადასავალი მქონოდა.

სამწუხაროდ , წელს სკოლას დავამთავრებ , ალბათ ძალიან მომენატრება ეს პერიოდი.

თუმცა, იმედი მაქვს, რომ ნამდვილი თავგადასავლებისა და გიჟობების პერიოდი , სტუდენტობა იქნება და ისევე შემაყვარებს თავს , როგორც სკოლა მიყვარს.

იოსებ გრიშაშვილის ლექსი

შენი ყელი… ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
არა! უფრო ამსგავსებენ…

რას? არ ვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
მე კი… მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.

ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.
მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.

აი, ეხლაც თეატრში ხარ… და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.
ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას… ყველას… ყველას…
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,
რომ..ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი..

კატები , კატები , კატები!

საერთოდ თითქმის ყველა ცხოველი მიყვარს დაწყებული ქათმით  და დამთავრებული ძროხით 🙂 მაგრამ ჩემი სიყვარული კატების მიმართ განსაკუთრებულია. ჰოდა გადავწყვიტე ერთი პოსტი მთლიანად მათთვის მიმეძღვნა.

პირველ რიგში ჩემს „ცხონებულ“ კნუტებზე მოგიყვებით.

ჩემს პირველ კატას ფელისია ერქვა . ნაცრისფერი იყო , წვრილი თეთრი ზოლებით.ისე საყვარლად მოკრუტუნდებოდა ჩემთან, ხანდახან ფეხებზე წამომიჯდებოდა და მე ვგრძნობდი მის საოცარ გულისცემას.ვმშვიდდებოდი. მოკლედ, ჩემმა უფროსმა დამ აიჩემა ფელისიას მკბენარები ჰყავს და უნდა ვაბანაოო. აბანავა .რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ აბანავა . ერთ დღესაც სახლში მოსულმა დავინახე ჩემი საბრალო კნუტი იატაკზე საზარლად გაშხლართული. სამწუხაროდ ფელისიას ყურში წყალი ჩასვლოდა და ამიტომაც დაიღუპა.

გავიდა ხანი.როგორც იქნა გადავხარშე ფელისიას სიკვდილი  და ჩემებმაც ახალი კატა “მომგვარეს„. მას ჟღალი ბეწვი ჰქონდა , თეთრი ზოლებით.მაშინვე ბო დავარქვი, ჰარი პოტერის გავლენით :). ისიც რა საყვარელი იყო. მხიარულობდა თავისთვის. ხანაც პატარა ბურთს გავუგორებდი . ბო გამოეკიდებოდა და ათამაშებდა. სამწუხაროდ , გაგეცინებათ მაგრამ ბომ საჭმელი ვერ მოინელა და ….. მოკვდა

მას შემდეგ ერთი- ორი წელი გავიდა. დედაჩემმა კატეგორიულად მოითხოვა სახლში კატის სინსილა არ დაენახა.თუუმცა….

თუმცა დღესდღეობით ჩვენთან ერთი კატა მაინც “დაბოგინობს„ და მას ბუსხა ჰქვია. ბუსხა მე დავარქვი, არ ვიცი ეს სასაცილო-დეგენერატული სახელი ჩემს გონებაში რატომ შეირჩა , თუმცა კატა სახელს ამართლებს 🙂

ახლა კი იტერნეტიდან გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კატებზე:

#1   ესპანური ინკვიზიციის დროს, პოპე ინოცენტ VIII -მ კატები სცნო ეშმაკის ცხოველებად და ათიათსობით კატა დაწვა ცეცხლში. საუბედუროდ, ამან მოახდინა ვირთხების გამრავლება. სწორედ ეს იყო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.გ შავი ჭირის დაწყებისა.

#2     პირველი კატა კოსმოსში გახლდათ ფრანგი, სახელად ფელისიტი. საფრანგეთმა იგი გარე სამყაროში 1963 წელს გაგზავნა. ელექტროდენები აისახა ცხოველის ტვინში და სიგნალები გაეგზავნა დედამიწას. კატა ხმელეთზე უვენებლი დაბრუნდა.

#3      კატას შეუძლია გადმოხტეს 20 მეტრის სიმაღლიდან და დარჩეს ცოცხალი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი თვალები და ბალანსის ორგანოები აღიქვამს როდის მიუახლოვდება მიწას, ასე რომ, კატა ფეხებით ეშვება.

# 4      ყველაზე მდიდარი კატა არის ბლეკი, რომელსაც პატრონმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა სიკვდილის მერე. (მე ამ ადამიანის არ მესმის)

#5 ეს ცხოველები ყველაზე ზარმაცი ძუძუმწოვრები არიან. მათ დღეში საშუალოდ 16 საათი სძინავთ.
Image
პ.ს „დიაცისა და კატის სუნი ქმნის მყუდროებას“ კ.გამსახურდია

კუნარდუ, ანუ ჭა ჩრდილში

წინა წლის ზაფხულს, როცა დეიდაჩემთან ჩავედი ბათუმში დასასვენებლად , ერთი უცნაური წიგნი აღმოვაჩინე. ყდაზე ნათელ ფერებში დახატული ხეები ეხატა ,მაგრამ  ,რაც მთავარია, ჩემი ყურადღება მიიქცია არა მისმა ,,შეფუთვამ“ , არამედ წიგნის სათაურმა. ,,კუნარდუ , ანუ ჭა ჩრდილში ” მეუცხოვა ასეთი ორიგინალური დასათაურება და  გადავწყვიტე გამეგო თუ რა აძლევდა მას ასეთ გენიალურობას. თურმე კუნარდუ ქალის სახელი ყოფილა. წიგნი კი მოგვითხრობს თეთრკანიანებისა და ავსტრალიელი აბორიგენების თანაცხოვრების შესახებ. აქცენტები ძირითადად იმაზეა გამახვილებული , თუ როგორ ეპყრობოდნენ შავკანიან ,  ავსტრალიის   მკვიდრ მოსახლეებს თეთრკანიანები. თეთრკანიანები ძირითადად ამცირებდნენ შავკანიანებს , იპყრობდნენ მათ , სარგებლობდნენ მათი მიამიტობითა და უცოდინრობით და მათი მიწებს მისაკუთრების შემდგომ მათვე ამუშავებდნენ.  იკითხავთ კუნარდუ აქ რა შუაშიაო? მე გიპასუხებთ , რომ წიგნში ძალიან საინტერესოდაა აღწერილი კუნარდუსა და მისი თეთრკანიანი პატრონის იუის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. მოკლედ , მე აღმაფრთოვანა, შემაშფოთა, მაგრამ მაინც თავი შემაყვარა ამ წიგნმა. გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ ,თუ , რა თქმა უნდა , სადმე აღმოაჩენთ : D

Image