ხელოვნურად შექმნილი ,,თავგადასავალი“

cbc8c47701dd8dc06dd26f3da25b9c54
ოხ ეს ბავშვობა, მართლაც რა საყვარელი პერიოდია. დაულეველი ენერგიისა და ზღვარსგადასული ფანტაზიის ხანა. მოკლედ , რას არ მოიფიქრებ , როცა ბავშვი ხარ და თან თავში გიქრის.

თუმცა , მე არსდროს ვყოფილვარ ზედმეტად ცელქი ,მაგრამ, ერთხელ მაინც წამომიფრინდა ერთი ძალიან „ცუდი“ ბავშვისთვის დამახასიათებელი იდეა. რატომღაც მომინდა კლასელების გაშაყირება და ირონიის სახით მათი ნაკლოვანებების წარმოჩენა.გადავწყვიტე დამემზადებინა რამოდენიმეფურცლიანი გაზეთი , სადაც დავწერდი ჩემს მოსაზრებებს. ხიბლი ბავშვების რეაქციაზე დაკვირვება იქნებოდა.

მაშინ დაახლოებით 11-12 წლის ვიქნებოდი. მე როგორც თავგადასავლების მოყვარულმა გოგომ ვერ ავიტანე ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება და აჰა…. ხელოვნურად შევქმენი თავგადასავალი.

მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო დაქალი სოფო ავიყოლიე და ჩემთან სახლში შევუდექით გაზეთის დამზადებას. ამოვჭერით სხვადასხვა ჟურნალებიდან და ვინც ჩვენს კლასელს მივამსგავსეთ ის დავაკარით. შემდეგ სასაცილო შესაბამისობები დავწერეთ . რაც მთავარია საკუთარი თავიც არ დაგვავიწყდა (ეჭვი რომ არ აეღოთ).მეორე დღეს დილაადრიან შევიპარეთ კლასში და ერთ-ერთ მერხზე დავტოვეთ ჩვენი „ნამოღვაწარი“.შემდეგ სკოლიდან გამოვედით და 15 წუთის შემდეგ ისევ მივბრუნდით. როცა კლასში შევედით ყველანი გაზეთს უკირკიტებდნენ.

ატყდა ერთი სიცილი და კვლევა-ძიება. კლასელები ცდილობდნენ გაზეთის დამწერები გამოეაშკარავებინათ . თუმცა ჩვენზე ეჭვიც არ აუღიათ.:) ან რას წარმოიდგენდნენ, რომ კლასის ფრიადოსანმა ასეთი ცუდი ოინი მოაწყო.

გაზეთს ეწერა “ფასი 20 თეთრი„ , ერთმა ბავშვმა კი 50 თეთრად შეიძინა დიდი ამბით.მერე გაფხორილი დაიარებოდა კლასში , აქაოდა მე ვარ რაც ვარო 🙂

მე და სოფოს საიდუმლო არ გაგვიმხელია, ასე რომ ჩემი კლასელებისთვის ჯერაც უცნობია ვინ იყო ის , ვინც ასე „იხუმრა“

ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელი თავგადასავალი , მერე რა რომ ხელოვნურია? მთავარია ეს მართლაც გადამხდა და მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ მქონია სურვილი სხვა თავგადასავალი მქონოდა.

სამწუხაროდ , წელს სკოლას დავამთავრებ , ალბათ ძალიან მომენატრება ეს პერიოდი.

თუმცა, იმედი მაქვს, რომ ნამდვილი თავგადასავლებისა და გიჟობების პერიოდი , სტუდენტობა იქნება და ისევე შემაყვარებს თავს , როგორც სკოლა მიყვარს.